ავერსი – სპირალური წინსვლა
ყველაფერი 1994 წელს ერთი პატარა აფთიაქიდან დაიწყო, როდესაც დიდ მასშტაბებზე არც არავინ ფიქრობდა... სტაბილური განვითარების გზით იგი მალევე იქცა წარმატებულ ფარმაცევტულ კომპანიად (თავად სახელწოდება “ავერსი” სპირალისებურად წინსვლას ნიშნავს), რომლის უმთავრესი მიზანიც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათთვის მსოფლიო სტანდარტის მედიკამენტების მიწოდება იქცა. დღეისათვის “ავერსს” შესანიშნავად იცნობენ არამარტო საქართველოში და ამიერკავკასიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც – იგი უკრაინასა და რუსეთშიც ერთ-ერთ უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანიას წარმოადგენს.
ამჯერად “ავერსს” მსოფლიოს 35 ქვეყნის 80-მდე მომწოდებელი ფირმა ამარაგებს. მისი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები: “გლაქსოსმიტკლაინი”, ‘ავენტისი”, “ბაიერი”, “ფაიზერი”, “ნიკომედი” ბერინგერ ინგელჰაიმი, იამანუჩი, აქტავისი, ფრეზენიუსი და ა.შ.
“ავერსი” აფთიაქების ფართო ქსელის მფლობელია, რომლებიც, როგორც თბილისის, ისე რეგიონების მომხმარებელს მედიკამენტების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.
საქართველოს მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობა “ავერსმა” წარმატებული პროექტის – ფარმაცევტული საწარმო “ავერსი-რაციონალის” საშუალებითაც გააუმჯობესა.
გრანდიოზული პროექტი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე მძლავრი ფარმაცევტული წარმოების, “ავერსი-რაციონალის” მშენებლობა, 2002 წელს დაიწყო და იგი მთლიანად ევროპელ ექსპერტთა მონაწილეობით განხორციელდა.
როგორც ევროპულმა გამოცდილებამ ცხადყო, მედიკამენტების წარმოების უმაღლესი საფეხური (Good Manufacturing Practice) სტანდარტია, რომელიც მთელს მსოფლიოში გახლავთ აღიარებული და სწორედ ამ სტანდარტის გათვალისწინებით აშენდა “ავერსი-რაციონალიც”.
ამდენად, “ავერსი-რაციონალი” აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის ამერიკული, იაპონური, ინგლისური, გერმანული, იტალიური წარმოების დანადგარებით. უმნიშვნელოვანესია ის ფაქტიც, რომ უახლესი აპარატურით გახლავთ აღჭურვილი “ავერსი-რაციონალის” შიდა ლაბორატორიაც, სადაც დამონტაჟებული მოწყობილობით შესაძლებელია ნედლეულის ზუსტი ქიმიური ანალიზი.
პირველი მედიკამენტი “ავერსი-რაციონალმა” მოსახლეობას 2005 წლის მაისში შესთავაზა. მას შემდეგ წარმოების მიერ გამოშვებულმა პრაქტიკულად ყველა მედიკამენტმა სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი როგორც საქართველოს ბაზარზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც: 2006 წელს ექსპორტი განხორცილედა ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში.
“ავერსი-რაციონალის” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება აგრეთვე არის ისიც, რომ დასრულდა ISO-ს სტანდარტების დანერგვა, რომელიც ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ხარისხის მართვის აღნიშნული სისტემის (ISO 9001) შექმნა და დანერგვა გერმანულ ჰოლდინგთან, “TUV Industrie Service”-სთან ერთად წარმოებდა.
2006 წელს “ავერსმა” წამოიწყო საინტერესო პროექტი, რომელიც მთელ საქართველოში სამედიცინო ცენტრების დაარსებას ისახავს მიზნად. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და “ავერსის” პირველი კლინიკის გახსნა 2007 წელს არის დაგეგმილი.
“ავერსის” მისია მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ამ დევიზით კომპანია მრავალი საქველმოქმედო პროგრამის ავტორი და ინიციატორია. მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტს, რომელიც 2005 წლის სექტემბრიდან ხორციელდება, საქართველოში პრეცედენტი არ ჰქონია. იგი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებისთვის გახლავთ გამიზნული, გრძელვადიანია და მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. ამ პროგრამით “ავერსი” უკვე 480-ზე მეტ ოჯახს დაეხმარა.
ტრადიციად იქცა და კვლავაც გაგრძელდება “ავერსის” საქველმოქმედო სადილები, რომლებითაც კომპანია სოციალურად დაუცველ თანამოქალაქეებს უმასპინძლდება.
წარმატებით მიმდინარეობს საქველმოქმედო პროექტი “1000 უფასო ოპერაცია კატარაქტით დაავადებულებს”, რომლის განხორციელებაც 2006 წლის აპრილიდან “ავერსმა” თვალის მიკროქირურგიულ კლინიკა “ოფთალმიჯთან” ერთად დაიწყო და რომელიც რეგიონებში მცხოვრები ხელმოკლე ავადმყოფებისთვის კატარაქტის ოპერაციების დაფინანსებას ითვალისწინებს.
2006 წელს განხორციელდა საქველმოქმედო პროექტი პენსიონერების, ექიმებისა და სკოლის მასწავლებლებისთვის, რომელიც მედიკამენტებზე 10%-იან ფასდაკლებას გულისხმობს.
“ავერსს” მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. კომპანია საერთაშორისო ხარისხის ნიშნისა და ქართული ხარისხის სერთიფიკატის მფლობელია.
ამჟამად კომპანია “ავერსი”, რომელშიც 2000-მდე მაღალპროფესიული კადრია დასაქმებული, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გადამხდელად ითვლება.